კატეგორიები

ახალი პროდუქცია

სისტემაში შესვლა

ჩვენს შესახებ

ზურაბ ვადაჭკორია (დ. 24 თებერვალი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ - გ. 1 მარტი, 2018, თბილისი, საქართველო) - ქართველი ილუზიონისტი, საილუზიო ხელოვნების კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. იგი იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბისა და ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ღირსების ორდენის კავალერი 2000 წელს.

 1986 წელს ზურაბ ვადაჭკორიამ დაამთავრა საქართველოს საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელი. 18 წლიდან ეზიარა სასცენო ხელოვნებას. ზურაბის შემოქმედებით პალიტრაში იყო მუშაობა მტრედებით, მანიპულაცია ბანქოთი, აგრეთვე ცეცხლი და რთული რეკვიზიტის გამოყენება. 1981 წელს იგი გახდა მოსკოვის ილუზიონისტთა კლუბის წევრი. პირველი მნიშვნელოვანი გასტროლები ჰქონდა 1984 წელს ინდოეთსა და ნეპალში, სადაც მან პირველად წარმოადგინა ნომრები საათის მოხსნით, გამქრალი საფულით და საქორწინო ბეჭდებით.

1986 წელს შეიქმნა თბილისის ილუზიონისტთა კლუბი და ზურაბი გახდა მისი პრეზიდენტი. 1992 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ბაზაზე შეიქმნა „მაგიური შოუ“, სადაც საათნახევრის მანძილზე მაყურებელი სანახაობის მონაწილე იყო. იმავე წელს ზურაბი გაწევრიანდა „International Brotherhood of Magicians” -ში („მაგების საერთაშორისო საძმო“). 1997 წელს ზურაბმა სახელმწიფო ტელევიზიაში დასამაბი დაუდო ნახევარსაათიან პროგრამას „ფოკუს-მოკუსი ყველასთვის“. ზურაბ ვადაჭკორიას ქართულ ენაზე დაბეჭდილი აქვს 4 წიგნი. მათში ავტორი არა მარტო ახალ ფოკუსებს სთავაზობდა მკითხველს, არამედ განმარტავდა ძველ ცნობილ ტრიუკებს. საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2001 წელს ზურაბმა ქუჩაში, მაყურებლები წინაშე, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ხუთტონიანი საბარგო მანქანა გააქრო. 2003 წლის 26 მაისს მეტეხის ხიდზე შეასრულა ჰარი ჰუდინის სასიკვდილო ტრიუკი - მტკვარში ჩაშვებულ ლითონის სეიფში ჯაჭვებითა და ბორკილებით ხელფეხშეკრული 3 წუთში გათავისუფლდა.

2003 წლის ივნისში პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „მზე“-ში ათიათასობით თვითმხილველის თანდასწრებით გაკეთდა ცნობილი საილუზიო ნომერი „გაქცევა ჩინური წყლის საპყრობილედან“. 2004 წელს ქალაქ ბრნოში (ჩეხეთი) ზურაბი გახდა ილუზიონისტთა კლუბის წევრი. 2007 წელს პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი - „გაქცევა ელექტრული კაფსულიდან“. იმ წელსვე იყო გამოშვებული საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება“, ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტით. მარკები ნომრებით: „000 100“, „000 200“, „000 300“-  ზურაბის სახელობითი ბეჭდით, შეისყიდა უცნობმა ფილატელისტმა 10 000 დოლარად. მარკა „001 961“ ინახებოდა თავად ზურაბთან

ზურაბ ვადაჭკორიამ გასტროლებით შემოიარა 48 ქვეყანა. ის კითხულობდა ლექციებს თეატრალურ და საესტრადო-საცირკო ინსტიტუტში, ამზადებდა ახალ ტრიუკებს.

ილუზიონისტი 2018 წლის 1 მარტს, 57 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი - მიმი და ნიკა.

2018 წლის 19 მარტს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ზურაბ ვადაჭკორიას ვარსკვლავი. ვარსკვლავის გახსნამდე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც მსახიობებმა და სხვადასხვა ცნობილმა ადამიანებმა მისი შემოქმედებითი ცხოვრება გაიხსენეს.

ბიბლიოგრაფია

„121 ფოკუსი“ - თბილისი, პალიტრა L, 2008. – 124 გვ.

„111 ფოკუსი“ - თბილისი, პოლიგრაფ +, 2006. – 112 გვ.

„ასი ფოკუსი ყველასთვის“ - თბილისი, დაჩი, 2005. – 64 გვ.

„ფოკუსები“: 25 ფოკუსი თავისი ნახატებითა და ახსნა-განმარტებებით - თბილისი, ბაკურ სულაკაური, 2004. – 56 გვ.

ლიტერატურა

ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. - გვ. 129.

„ჯადოსნური ფოკუსების დიდი წიგნი“ ავტ. ჯო ფულმანი. გამომცემლობა: პალიტრა L 2009წ.

პუბლიკაცია:

ზურაბ ვადაჭკორიას სტატია გამოცემულია 5000 მდე ქართულ და უცხოურ ჟურნალ გაზეთებში, რომელიც ინახება მისივე არქივში 1992 წლიდან დღემდე.

2011 წლის 1 ივნისს ზურაბ ვადაჭკორიას თაოსნობით, საქართველოში დაფუძნდა პირველი ფოკუსების მაღაზია Magicshop.ge - რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ სხვადასხვა სახის საინტერესო ნივთები ფოკუსების გასაკეთებლად. 

© 2010 - 2024 შპს "ჯადოსნური სამყარო" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia